|
მისი თქმით, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნიდან გამომდინარე, რომლითაც მხოლოდ რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები სარგებლობენ, დროა, საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე დაიწყოს მუშაობა. ლალიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს 800 000 მოქალაქეზე, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. დეპუტატის განმარტებით, არსებობს 1993 წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს შეწყვეტილი ფრენების აღდგენას, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი პროცედურის დაწყება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ლალიაშვილის თქმით, საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციამ რუსეთის შესაბამის სამსახურთან დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა.
|