|
გიორგი თარგამაძე
თქვენ შექმენით სისტემა, რომლის სათავეშიც უნდა იჯდეს სუპერმენი - არანორმალურად ჭკვიანი, შრომისმოყვარე, პატრიოტი, არანორმალურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც დღე-ღამეში 25 საათს იმუშავებს და განაგებს ერთპიროვნულად. პრეზიდენტად - სუპერმენი და მის გარშემო, მთელი მისი ამალა, მთელი მისი მთავრობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა - როგორც მისი ავატარები, რომლებიც ყველაფერზე კვერს დაუკრავენ - აი ეს არის სქემა, რომლითაც თქვენ მართავთ ქვეყანას. თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერში გეთანხმებიან, ადამიანები ვის თავშიც პრინციპულად არ შეიძლება დაიბადოს კრიტიკული აზრი, რადგან ისინი მხოლოდ ერთი პარამეტრით იქნენ შერჩეულები თქვენს გარემოცვაში. ეს პარამეტრია - უსაზღვრო ლოიალობა. თქვენ ამბობთ და თქვენი საკონსტიტუციო უმრავლესობა უმალვე ასრულებს ნებისმიერ თქვენ ფანტაზიას. ხელისუფლებაში კრიტიკული აზროვნების კრიზისია და ამ კრიზისზე ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვლაპარაკობდით, როდესაც აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიაში მოვამზადეთ რეკომენდაციები ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები არ შესრულებულა. თქვენ არ გჭირდებათ უშიშროების საბჭო და არც არავითარი სხვა საბჭო, რადგანაც ნებისმიერი საბჭო სათათბირო ორგანოა, ხოლო თქვენ თათბირი არაფერში გარგიათ. თქვენ ამბობთ და უნდა შესრულდეს - აი ასე დაინგრა ჩვენი უსაფრთხოების სისტემა. სწორედ ეს "ითქვა-შესრულდას" პრინციპი დავუპირისპირეთ ერთადერთ იარაღად რუსეთის ბევრად აღმატებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს და ამიტომაც იწვნია ქვეყანამ წარუმატებლობის მთელი სერია საერთაშორისო ასპარეზზე: ეუთოს და გაეროს მისიები შეწყვეტილია, ევროკავშირის მანდატი კვლავ შეზღუდულია, შავი ზღვის აუზში მალე ალბათ მისტრალს შემოგვიცურებენ, სატელიტებზე ქართულ ტელე-არხებს აღარ აჭაჭანებენ. საერთოდ უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკაში პრეზიდენტის ზედმეტი დაინტერესება ქვეყანას ძვირად უჯდება, განსაკუთრებით მაშინ როცა შენი ფავორიტი მარცხდება, არადა ბოლო ხანს სულ ასე ხდება: საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ გიბედავთ შეგახსენოთ ოქროს წესი: იღბალი თუ არ გწყალობს სამორინეში არ უნდა შეხვიდე. ჯერ იყო და ფსონი ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო ადამიანზე, მაკკეინზე გავაკეთეთ და თქვენმა ავატარებმაც მანქანის სანომრე ნიშნებზე მისი სახელი დააწერეს, მაგრამ ვერ გამოიცანით; უკრაინაში ძალოსანი დამკვირვებლების დესანტი გადავსხით, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში გაგიღიმათ ბედმა. წინ დიდი ბრიტანეთის არჩევნებია. ზუსტად ვიცი, რომ კონსერვატორები იმარჯვებენ და სულმა არ წაგძლიოთ ფსონის გაკეთება ბრიტანელ ლეიბორისტებზე.. საერთოდ ჩვენი რჩევაა ბატონო პრეზიდენტო: შეეშვით აზარტულ თამაშებს საგარეო პოლიტიკაში, ხომ ხედავთ, რომ არ გიმართლებთ: - ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ არიან ყაზბეგელები: ერთ კვირაში ლარსის საზღვარი იხსნება და მოხეევებს ჯერაც არ მიუღიათ დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოსთან გახსნილი საზღვრის პირობებში როგორ უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას და ჩვენი მთავრობიდან არც იმაზე შეუწუხებია ვინმეს თავი, მოხევეების მთაში დასამაგრებლად, ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა სიტყვიერად მაინც წარმოედგინა. ყაზბეგი ყოველგვარი შემოსევის გარეშე იცლება და ამ მთელი რეგიონისთვის უმნეშვნოლოვანესი წერტილისადმი სახელმწიფოს უყურადღებობამ გამოუსწორებელ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
სამწუხაროდ ოპოზიციაში არის ღირებულებითი კრიზისი, მერყევი დამოკიდებულება ფუნდამენტური ფასეულობების მიმართ. პროდასავლური თუ პრორუსული - ეს აქამდე სრულიად მკაფიო ცნებები ისე გაიდღაბნა პოლიტიკურ პალიტრაზე, რომ მკვეთრი ხაზის გავლება უკვე შეუძლებელი ხდება. წყალგამყოფი ბევრად უფრო დაზუსტდა და დაკონკრეტდა. ის დღეს გადის მხოლოდ ორ მარტივ არჩევანს შორის: სააკაშვილის შეცვლის ერთადერთ შესაძლებელ ფორმად მივიჩნევთ მხოლოდდამხოლოდ არჩევნებს თუ ბრძოლის სხვა რომელიმე ფორმას. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ოპოზიციის ევროპულ არჩევანთან, მეორე შემთხვევაში კი ჩვენი კოლეგების ნაწილი თბილისში უხმობს უკვე დაქოქილ ტანკებს და ავიწყდება, რომ ,,თუ ნიანგმა ჩემი მტერი შეჭამა, ის მაინც ვერასოდეს გახდება ჩემი მეგობარი."
მაგრამ, როგორც ჩანს ბევრად ღრმა კრიზისია სახელისუფლებო პოლიტელიტაში. ნაციონალურ მოძრაობას და საკონსტიტუციო უმრავლესობას ღირებულებები საერთოდ არ გააჩნია! ამის თქმის უფლებას მაძლევს თქვენი პოლიტიკური გუნდის სამი საკვანძო ფიგურის ელვისებური ტრანსფორმაცია თქვენივე შეფასებით - ქვეყნის, ხალხის და რაც ამ ემთხვევაში მთავარია - თქვენი პოლიტიკური კურსის მოღალატეებად. - ნატოს კარიბჭესთან მდგომი დასავლური ღირებულებების აპოლოგეტებიდან წითელ მოედანზე რიგში დამდგარი, თქვენივე ჟარგონით "ჩმორების" წინამძღოლებად. რა გარანტია გვაქვს, რომ ამდენი საკადრო შეცდომის დამშვები პრეზიდენტი კვლავ მოღალატეებით არაა გარშემორტყმული და პიროვნებები, რომლებიც სამთავრობო ლოჟასა და ამ დარბაზს ავსებენ ხვალ კრემლის წითელ ხალიჩას არ გათელავენ. ძალაუფლებისთვის ბრძოლის აზარტმა არ უნდა დაგვავიწყოს ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. ბოლო 20 წლის განმავლობაში განა ვის სჯიდა რუსეთი სეპარატიზმის წაქეზებითა და კონფლიქტების პროვოცირებით, რუსეთმა აგვისტოში დარტყმა არა სააკაშვილს, არამედ ყველა ჩვენგანს _ ხალხს მიაყენა, რომელსაც თავისუფლების ნება გვაქვს. დღეს რუსული პოლიტიკისთვის სააკაშვილი მხოლოდ საბაბია. ასეთივე საბაბი იყო მისთვის ზვიად გამსახურდია, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადება გაბედა, შევარდნაძე, რომელმაც უამრავი შეცდომის დაშვებასთან ერთად შეძლო და ნავთობსადენის გაყვანით ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქცია შესძინა და ასეთივე საბაბი იქნება ყველა, ვინც, ავად თუ კარგად, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას განასახიერებს. ამ იდეის ერთგული დამცველია უპირველეს ყოვლისა ქართული არმია და ქართველი სამხედროები. რომელთა ნაწილებიც მალე ავღანეთში ურთულესი მისიის შესრულებას შეუდგებიან. ჩვენი ამოცანაა, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ვაჟკაცობა, თავდადება და პროფესიონალიზმი არ იყოს ერთადერთი რის გამოც ცივილიზებული სამყაროსთვის, თუნდაც ნატოსთვის საქართველო ფასეული და საინტერესოა. და აი, სწორედ აქ გვაქვს პრობლემა: როგორც კი იგრძნობთ ხოლმე ოდნავ დისკომფორტს, თქვენი ერთგული ოპრიჩნიკები უმალვე იწყებენ არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეზე მარწუხების ბოლომდე მოჭერას. ძლიერი და ხალხის მხარდაჭერაში დარწმუნებული მთავრობისთვის არ უნდა არსებობდეს მტრული ტელევიზიები. ძლიერ მთავრობას არ ჭირდება კონტროლირებადი მედია, არ ჭირდება კონტროლირებადი სასამართლო. თქვენ ამაყობთ, რომ სასამართლო სისტემაში ქრთამს აღარ იღებენ და მოსამართლეები კვალიფიციურები არიან. ამას საზოგადოება ხედავს, რასაც გაეროს უკანასკნელი კვლევაც ადასტურებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო გახდა სამართლიანი. მოთვინიერებული მოსამართლე ქრთამს აღარ იღებს და წერა-კითხვაც ისწავლა, მაგრამ მან ისიც ზედმიწევნით ისწავლა, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ პოლიტელიტა არ განარისხოს. ჩვენი საამაყო სასამართლოს სლოგანი მართლმსაჯულება კი არა - მაამებლობა გახდა. თუ კარგად აამებს ხელმძღვანელობას, მაშინ მოსამართლე ხელშეუხებელი ხდება. კანონი როგორც არ უნდა დაარღვიოს - მას არ გაწირავენ. მოსამართლეს დღეს ყველასი ეშინია – მას ეშინია ზემდგომი მოსამართლის, ეშინია შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ეშინია პროკურატურის, ეშინია პარტიული ბოსების, მაგრამ ერთადერთი ვისიც მას ნამდვილად არ ეშინია – ეს არის ჩვენი მოქალაქეები. მოთვინიერებულ მოსამართლეებს მოქალაქეთა საჩივრებისაგან საიმედო ჯავშანი იცავს. 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სისხლისსამართლებრივი წესით აღარ არის დასჯადი მოსამართლის მიერ უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა. ამავე წლის 11 ივლისს კი განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისად კანონის მძიმე და უხეში დარღვევა უკვე აღარ წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. ასეთი დარღვევებისთვის მთავარი სასჯელი დისციპლინურ პასუხისმგებლობაში უნდა ასახულიყო. ახლა ვნახოთ რამდენი მოსამართლე ისჯება დისციპლინური გადაცდომისთვის. სურათი კატასტროფულია: გასული წლის განმავლობაში, მოქალაქეთა 1175 საჩივრის საფუძველზე მხოლოდ 22 საქმეზე მიეცნენ მოსამართლეები დისციპლინურ პასუხისგებაში, რაც საჩივრების 2%-საც არ შეადგენს! უკვე მარტო ეს სტატისტიკა გამორიცხავს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობას. კანონის უზენაესობამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ ამას რომც მივაღწიოთ, თვითონ კანონია იმდენად არასამართლიანი და არაჰუმანური, რომ სამართლის უზენაესობაზე საერთოდ ოცნებაც კი შეუძლებელია. მესამე რაიხში და სტალინის საბჭოეთშიც არ იღებდნენ მოსამართლეები ქრთამს, კომპეტენტურებიც იყვნენ და კანონიც სრულდებოდა, მაგრამ იმ კანონში რა ეწერა – აი, ეს არის მთავარი! მესმის, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის უსაფრთხოებას და ქვეყნის თავისუფლების დაცვას... მაგრამ თქვენ უშვებთ ფუნდამენტურ შეცდომას, როცა ქვეყანას მოქალაქის დასუსტების ხარჯზე აძლიერებთ, ეს მხოლოდ მოჩვენებითი სიძლიერეა...
მე ვახსენე არჩევნები, როგორც მთავარი წყალგამყოფი თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების კონტექსტში შეიძლება არსებობდეს ის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების ნამდვილ სიძლიერედ. სწორედ თქვენ უნდა შეუწყოთ ხელი იმას, რომ არჩევნები იქცეს ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ ინსტრუმენტად და ამაში იქნება თქვენი სიძლიერე. დააღწიეთ თავი პარტიულ ტყვეობას, უარი თქვით ნაციონალურ მოძრაობაზე, ე.ი. პარტიულ კუთვნილებაზე, ნუღარ იქნებით თქვენი საკონსტიტუციო უმრავლესობის მძევალი, გააუქმეთ ოპრიჩნინა, მოიშორეთ თქვენივე ავატარები, გახდით საკართველოს ყველა მოქალაქის და არა მხოლოდ ნაციონალების პრეზიდენტი, მიეცით სახელმწიფო უწყებებში, სკოლებში, პოლიციაში, ჯარში, სამინისტროებში დასაქმებულ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.. და გააკეთეთ ეს ახლა, თვითმმართველობის არჩევნებამდე. მიეცით ქვეყანას მშვიდობიანი სახელისუფლებო ტრანსფორმაციის შანსი.. რომელიც იმავდროულად თქვენი მთავარი შანსია, რომ ისტორიაში კეთილი სიტყვებით მოგიხსენიონ. ასევე ეს გზაა ერთადერთი შანსი რუსეთის სრულ ალტერნატივად საქართველოს ჩამოყალიბების, შესაბამისად დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო მხარდაჭერის და აფხაზებისა და ოსების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრირების. თქვენ ხმამაღლა აცხადებთ თქვენს ფერად ოცნებებს და თქვენი მთავრობა იმწამსვე იწყებს მათ ჩამოსხმას ახალ-ახალი ეკონომიკური ექსპერიმენტების ყალიბში. სახელმწიფო ვალი კი იზრდება, უმუშევრობა მატულობს, სოციალური ვითარება კატასტროფულად მძიმდება. ჩვენ არ ვიფარგლებით წარსულზე, ან თუნდაც დღევანდელობაზე საუბრით და გვაქვს წინადადებები, რომელმაც ვითარება უნდა გამოასწოროს: მისცეს ბიძგი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, დაასაქმოს მეტი ადამიანი, დააგროვოს დოვლათი, საიდანაც ჩვენ შევძლებთ ჯანდაცვისა და განათლების, უსაფრთხოებისა და სოციალური პრობლემების უკეთესად მოგვარებას. - დღეს კი სურათი ასეთია: საქართველოში სურსათის 80% იმპორტირებულია. შემოსულ უხარისხო პროდუქტს ქართული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს; სურსათის ხარისხის კონტროლის მექანიზმი მინიმუმზეა დასული; გენმოდიფიცირებული პროდუქცია აქეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას უმზადებს არასასიამოვნო სიურპრიზებს, იქით ტრადიციულ ჯიშებს ანადგურებს, ადგილობრივ სასოფლო სამეურნეო ბაზარს ანგრევს და უცხო ბაზრებზე ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტის შეღწევისა და შესაბამისად ქართული სოფლის აღორძინების შანსებსაც მინიმუმადე ამცირებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ ან როგორ უნდა გაუმკლავდეს კონკურენციას კახელი გლეხი, როცა ღია ეკონომიკური საზღვრების პირობებში მეზობელი სახელმწიფოდან ორჯერ უფრო იაფი საწვავით მოყვანილი პროდუქტი გადმოდის, მაშინ, როცა თავად მას საზღვარზე სამასი ლიტრი დიზელიც ვერ გადმოაქვს. თქვენ გიყვართ შევარდნაძის პერიოდთან პარალელების გავლება. შევარდნაძის დროს 650 ათასი ჰექტარი მიწა იხვნებოდა საქართველოში, ახლა სტატისტიკას თუ დავუჯერებთ ორჯერ ნაკლები მუშავდება და უარესის პროგნოზირება არცთუისე რთული იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში ყოვლად არაადეკვატურ საწვავის მაღალ ფასებს გავითვალისწინებთ. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დისკრიმინაციის მაგალითია მხოლოდ თბილისში პენსიის 10 ლარით მატება, ან მხოლოდ დედაქალაქის მასწავლებლებისთვის 100 ლარიანი ვაუჩერის გაცემა. თბილისში ასეთი ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა ყოვლად მიუღებელია ჩვენი სხვა ქალაქებისა და სოფლების პენსიონერებისა და პედაგოგებისადმი განსხვავებული მიდგომა.
მთავრობა, ნაცვლად იმისა რომ ქცეულიყო ბიზნესის პრობლემების შემამსუბუქებლად, თავად იქცა პრობლემად ბიზნესისთვის. მე გუშინაც კი ბევრი თბილისელისა და არამარტო თბილისელისთვის მერობის კანდიდატთან - გია ჭანტურიასთან ერთად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბრე დიდუბის სავაჭრო ცენტრში და კარგად ვიცი, რომ ჩახლართული რეგულაციები, მაღალი გადასახადები ძალიან ართულებს მეწარმის ცხოვრებას. თქვენი მთავრობა ბიზნესთან მიმართებაში გავს იმ მეპატრონეს, რომელიც მხოლოდ წველის ძროხას და ბალახის ჭამის საშუალებას კი არ აძლევს. სწორედ ეს ხდება ახლა, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ან გაკოტრდა, ან გაკოტრების პირასაა. გაიარეთ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში და ნახეთ, რამდენი აბრაა გამოკრული მაუწყებელი იმისა, რომ კომერციული ფართები ქირავდება, აღარაფერს ვამბობ მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ქალაქებზე.
- საპრეზიდენტო არჩევნებში პირადად თქვენი პირობა იყო ,,იაფი კრედიტის ბანკის,, დაარსება, რომლის პირველი ტრანშიც 300 მილიონი ლარით, ხოლო 25 წლიანი საკრედიტო განაკვეთი 4-5% პროცენტით უნდა განსაზღვრულიყო. დაპირებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ნაცვლად მივიღეთ იმდენად რთული და მოუქნელი საგადასახადო კოდექსი, რომ 3 ბუღალტერი მაინც გჭირდება საქმეს რომ თავი გაართვა. ამას ემატება ომის, პოლიტიკური არასტაბილურობისა და ფინანსური კრიზისის გამო გაჩენილი პრობლემური საბანკო კრედიტები, საგადასახადო შეწერები, მასობრივი შემოწმებები.. ასეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არ შეიძლება ადმინისტრაციული წნეხის კიდევ უფრო გაძლიერება; განა დიდი ეკონომიური ფილოსოფიაა იმაში, რომ მოკლევადიანი შედეგის დევნაში ჩვენი მოსახლეობის ყველაზე უნარიან და ენერგიულ ნაწილს ბიზნესის არათუ განვითარების, შენარჩუნების შანსს ვუსპობთ. ეს არის თქვენი დასაქმების პოლიტიკა? ეს არის ლიბერალური გარემო? რეალობიდან გამომდინარე პასუხი კითხვებზე შემდეგია: თქვენ, საქართველოში აშენებთ არაგეგმიური სოციალიზმისა და თავისუფალი კონკურენციის არმქონე კაპიტალიზმის სიმბიოზს.
- საჭიროა ეკონომიკური განათლების აქტიურად შეტანა მოსახლეობაში, ბიზნესინკუბატორების ძლიერი და მოქმედი ქსელის შექმნა: სტატისტიკით დღეს ახლადშექმნილი საწარმოების მხოლოდ 10-12% აგრძელებს არსებობას, ბიზნესინკუბატორის არსებობის შემთხვევაში კი ახალწამოწყებული ბიზნესის მინიმუმ 70% ქმედუნარიანია; საჭიროა ეკონომიკური გარდატეხის შეტანა, პირველ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის თუნდაც 50 მილიონი ლარით დაფინანსება მნიშვნელოვანი გარღვევა იქნებოდა ეკონომიკური აქტივობისთვის. მკითხავთ საიდან ეს თანხები? გეტყვით: საქართველოს მოქმედი ბიუჯეტიდან, წყაროსაც მიგითითებთ - თავდაცვა-შეიარაღებაზე 2010 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 750 მილიონი ლარი, რაც მშპ-ს 3,9%–ია. ქრისტიანდემოკრატები გთავაზობთ დავიყვანოთ შეიარაღების დაფინანსება ნატოს 3%-იან სტანდარტზე და მივიღებთ 170 მილიონი ლარის ეკონომიას - რაც სრულიად საკმარისი თანხაა ბიზნესის სტიმულირებისა და ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამების განსახირციელებლად. არადა გვექნება იმაზე მძიმე სურათი, ვიდრე გვაქვს, როცა ამ წლის ბიუჯეტით - სახელმწიფო ვალი 8 809 მილიონი გახდება - რაც რეკორდული მაჩვენებელია და 2000 წლის მონაცემს წარმატებული ქართული ბენდუნომიკის პირობებში 2,1-ჯერ აღემატება. - ამდენი წელი გვიმტკიცებდით, რომ წარმატებული განათლების რეფორმა გვქონდა. დღეს ყველა საერთაშორისო კვლევა გვეუბნება, რომ განთლების დონე მკვეთრად ეცემა და სასკოლო სისტემა კრიზისშია; 88% მოსწავლეებისა რეპეტიტორებთან დადის; 3300 სკოლიდან რეფორმის შედეგად 2200 შემორჩა; პირადად ვნახე ბავშვები 12 კილომეტრით დაშორებულ სკოლაში მგლების შიშით სასტვენებით როგორ დადიან. სამართლიანი იქნებოდა ამ რეფორმის ინიციატორი ბატონი ლომაია და სხვა მთავრობის წევრები ვატაროთ თუნდაც კეთილმოწყობილ ოფისებში 12 კილომეტრი ფეხით, თან ტყეში, რათა საკუთარ თავზე იწვნიონ ,,წარმატებული" განათლების რეფორმის სიკეთეები მგლებთან ერთად; - დღეს გვეუბნებით, რომ თურმე სასწავლო პროგრამები უვიცის დაგეგმილი ყოფილა, გამოდის უვიცებისთვის ჩაგიბარებიათ ყველაზე საპასუხისმგებლო სფერო. განათლების სოციალური პოლიტიკა კვლავ სისტემის აქილევსის ქუსლია: სტუდენტების მაღალი გადასახადები, სახელმძღვანელოების მაღლი ფასები პრობლემად რჩება. ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას ნამდვილი ბრძოლა დაჭირდა იმისათვის, რომ წლევანდელი ბიუჯეტით უმწეოთა პროგრამაში მყოფი 57 ათას ქულიანი ოჯახების ყველა მოსწავლისათვის წიგნი სახელმწიფოს შეეძინა. ჩვენი შეთანხმების შედეგი ყველაზე ღატაკი ოჯახების შვილებისთვის კარგია, მაგრამ არასაკმარისი. აღარაფერს ვამბობთ მასწავლებლების ხელფასებზე: დღეს მასწავლების საშუალო ხელფასი საქართველოში 170 ლარია, პოლიციელის მინიმალური ხელფასი კი 750 ლარი. ჩვენი კანონისა და წესრიგის დამცველებისადმი ქრისტიანდემოკრატებს კიდევ უფრო მეტი გვემეტება, მაგრამ ეს შედარება ნათლად მეტყველებს პედაგოგისა და ძალოვანისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კონტრასტზე. მასწავლებებლები ვერ დაელოდებიან როდის გახდება მათი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომ განათლების სისტემის დაფინანსებისადმი მიდგომა პრინციპულად შეიცვალოს. 2003 წლისათვის საქართველო პირველ ადგილზე იყო ჩვენს სამეზობლოში ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით. ამ მაჩვენებლით ის 29%-ით უსწრებდა აზერბაიჯანს და 49%-ით სომხეთს. დღეს, ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ ამ თვალსაზრისით. გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში ყველაზე მაღალია ჩვენს სამეზობლოში, 2,5-ჯერ მეტია სომხეთზე, თითქმის ამდენით მოლდოვასა და უკრაინაზე, 7-ჯერ მეტია აზერბაიჯანზე, საქართველოს მოქალაქის ოჯახის ბიუჯეტში, კომუნალური მომსახურების ხარჯები ხშირად 50%-ს აჭარბებს, ეს ჩამორჩენილი ქვეყნის მაჩვენებელია! ეს ნიშნავს, რომ შანსი ამ ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბების, შესაბამისად სტაბილური, მდგრადი დემოკრატიული განვითრების მინიმალურია, რადგან მშიერი ადამიანითვის სხვა ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე დემოკრატიაა..
ნაციონალები დღემდე ფიქრობთ და სხვებს არწმუნებთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სიღარიბის დაძლევა. შეგახსენოთ რა უწოდეთ გეგმას რომელიც თქვენმა პარტიამ შეიმუშავა საქართველოს ფეხზე დასაყენებლად? “საქართველო სიღარიბის გარეშე”. უკაცრავად, მაგრამ ეს თქვენ არა ხართ, ვინც ღარიბი უფრო გააღარიბა და საზოგადოებას ზურგი აქცია? ვინც უმუშევარი ახალგაზრდების რიცხვი გაზარდა, ვინც უთანასწორობა გააღრმავა?! ეს თქვენ არა ხართ იმ ქვეყნის მთავრობა, სადაც მოსახლეობის ერთი მეოთხედი ოფიციალურადაა სიღარიბის ზღვარს მიღმა, მეორე მეოთხედი კი ამ სამარცხვინო, მაგრამ ოჯახის გადასარჩენად აუცილებელი სტატუსის მისაღებად რიგს ელოდება?.. ეს თქვენ არა ხართ ხელისუფლება ქვეყანაში, სადაც სულ მცირე 1 200 ათასი ადამიანია დარჩენილი საარსებო მინიმუმის გარეშე, ეს თქვენი ეკონომიკის, უფრო სწორედ კი ბენდუნომიკის შედეგად არ განადგურდა ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი საშუალო ფენა , რომელიც დღეს მოსახლების 4%-ს არ აღემატება. ეს თქვენ არ ხართ ის ლიდერი, რომელმაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში აქტიურად გამოიყენა პროფკავშირების, განსაკუთრებით კი პდეგოგთა პროფკავშირების რესურსი და დღეს კი სრულ იგნორირებას უკეთებთ დასაქმებულთა უფლებებს, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა მოქმედი შრომის კოდექსი.
ასე რომ, ძალიან რთულია ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ისმინოს მთავრობის წარმომადგენელთა ლექციები სიღარიბის დაძლევასა და დასაქმებაზე. თქვენ ზურგი აქციეთ დემოკრატიულ ფასეულობებს, ანაცვალეთ რა მუდმივად მერყევ სტაბილურობას ადამიანების, სასამართლოს, ბიზნესის, მედიის დამოუკიდებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დამარცხდით იმ პრინციპებთან, რომელმაც ხელისუფლებაში მოგიყვანათ. თქვენ დამარცხდით მტკვრისა და არაგვის შესართავთანაც და ქუთაისის მემორიალთანაც, თქვენ დამარცხდით ყველგან სადაც გაისმოდა თქვენი ამალის ომახიანი ოვაციები. მაგრამ არ დამარცხებულა საქართველო, არ დამარცხებულა ქართველების სწრაფვა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ და ქრისტიანდემოკრატები ვიბრძოლებთ მათთვისაც, ვისაც თქვენ იმედები ვერ გაუმართლეთ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ ყველგან, სადაც თქვენ დამარცხდით!
გიორგი ახვლედიანი
ბატონო მიხეილ უკვე მეექვსე წელი დაიწყო რაც თქვენ ქვეყნის განვითარებაზე ნომერ პირველი პასუხისმგებელი პირი ბრძანდებით და მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყანა რომელიც თქვენ ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა განდოთ სახელმწიფოდ ვერ ჩამოაყალიბეთ. თქვე ხართ პრეზიდენტი ოთხ მილიონიანი ქვეყნისა სადაც მილიონამდე ადამიანი ოფიციალური ღატაკის მოწმობას ატარებს ჯიბით, ხოლო კიდევ ერთ მილლიონს მხოლოდ იმიტომ არ აქვს ეს ოფიციალური სტატუსი, რომ მთავრობის აგენტებმა მათ სახლში შავ თეთრი ტელევიზორი ან რამდენიმე ცალი კვერცხი აღმოუჩინეს. ექვსი წლის განმავლობაში თქვენ არათუ ვერ მოახერხეთ და მცირედით მაინც ვერ შეამცირეთ ღატაკთა რიცხვი საქართველოში, პირიქით, არასწორი და შეცდომებით აღსავსე სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკით ასობით ათასი ადამიანი დაუმატეთ ღარიბთა და უმწეოთა არმიას. თქვენ და თქვენმა გუნდმა, ქვეყნისგან ვერ შექმენით სახელმწიფო და ამის ნათელი მაგალითია ის რომ საქართველოში მცხოვრები 800 ათასი პენსიონერი პენსიის სახით იღებს იმის ნახევარ თანხას რაც მისი ფიზიკური გადარჩენისთვის საარსებო მინიმუმის სახით არის საჭირო. თქვენ ვერც თვენი ყბადაღებული დაპირება, შეუსრულეთ პენსიონერებს პენსიის 100-ს დოლარამდე გაზრდის თაობაზე და უფრო მეტიც პენსიონერთა ორ მესამედს, რომელიც დედაქალაქის გარეთ ცხოვრობს ღირსება შეულახეთ, როცა თქვენს მიერ დანიშნულ დედაქალაქის მერს და მთავრობას უფლება მიეცით დაეყოთ პენსიონრები თბილისელებად და არათბილისელებად, ათ ლარიანი დანამატის ღირსებად და უღირსებად.
მეექვსე წელია პირადად თქვენ ბატონო მიხეილ გვიმტკიცებთ იმას, რომ თქვენი წინამორბედის მიერ შეუსრულებელი ყველა ვალდებულება და დავალიანება რევოლუციურმა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაუფარა. თქვენ კი გვიმტკიცებთ, მაგრამ რა ვუყოთ 98-2000 წლებში წარმოქმნილ იმ 70 მილიონიან დავალიანებას, რომელიც ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს არ აუღია და ხანდაზმულობის ვადის გამო კუთვნილი ხელფასის მისაღებად სასამართლოში ჩივილსაც აზრი აღარ აქვს. ამას უკვე პიარ-ტყუილიც აღარ ქვია, ეს უკვე საკუთარი მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრის უსუსური მცდელობაა და სხვა არაფერი. ბატონო მიხეილ თქვენ არათუ ვერ შექმენით სახელმწიფო ამ ექვს წელიწადში, ქრისტიან-დემოკრატები თქვენში ამის პოლიტიკურ ნებასაც კი ვერ ვხედავთ. მეორე წელია ყოველდღიურ რეჟიმში ვითხოვთ თქვენგან იმ უსამართლობის აღმოფხვრას, რაც თქვენმა ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურის 50 ათასი პენსიონერის მიმართ დაამკვიდრა. თქვენ არ გყოფნით ნება აღადგინოთ სამართლიანობა, სამაგიეროდ გყოფნით სიჯიუტე არ აღადგინოთ კანონში გადაანგარიშების მუხლი, გყოფნით სიჯიუტე ოცდაათი წლის სტაჟის მქონე ოფიცრებს ხუთ და ათ ლარიანი სამარცხვინო კომპენსაციები მიუგდოთ. თქვენი მთავრობა ამ საკითხების განხილვის დროს მუდამ უფულობაზე ტირის, მაშინვე ეკონომიკური კრიზისი და აგვისტოს ომი ახსენდებათ. ქრისტიან-დემოკრატებმა ესეც გავითვალისწინეთ და პრობლემის მოგვარების ეტაპობრივი გრაფიკიც შემოგთავაზეთ, ამასაც არ თანხმდებით და წამითაც არ გახსენდებათ, რომ დღეს თქვენს მიერ ჩარეცხილი ეს ათასობით ადამიანი ექვსი წლის წინ რევოლუციურ ავანგარდში გედგათ გვერდით, რაც საბოლოოდ სანანებელი გაუხადეთ მათ.
მეორე წელია თვენი მაღალი ყურადღება ვერ მივაბყარით ჩვენი საზოგადოების ყველაზე დამსახურებული 8 ათასი ადამიანისკენ, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ქვიათ და რომლთაგან ბევრისთვის წლევანდელი 65-ე 9 მაისი შესაძლოა უკანასკნელიც კი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ თქვენ აღმოჩნდით ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანი მსოფლიოში დღეს ყველაზე გაჭირვებულ და დაუფასებელ მდგომარეობაშია. ეს უკვე მხოლოდ პრობლემა აღარაა, ეს უკვე ქვეყნის სირცხვილია, სირცხვილი რომელიც თქვენი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია.
თქვენ ვერასდროს გახდებით ღირსეული სახელმწიფოს პრეზიდენტი, რადგან თქვენ არ გაინტერესებთ ის რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას. ერთხელაც არ გაგიხედიათ ჭიათურისკენ, სადაც უკვე მეორე წელია, რეგრესის პენსიონერები, ინვალიდი და წარმოების შედეგად დაზარალებული ადამიანები კარვებში სხედან და კანონით მინიჭებულ კომპენსაციებს ითხოვენ.
ღირსეული სახელმწიფოს აშენება იმიტომაც არ გამოგდით, რომ თქვენი ხელისუფლება მზადაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოატყუოს თავისი მოქალაქეები, ისევე, როგორც ამას აჭარაში კერძოდ კი ადლიაში აკეთებთ. ჯერ წინასაარჩევნოდ, ყველას მათივე მიწის ნაკვეთები დაუსაკუთრეთ, არჩევნების შემდეგ კი ექსპოპრიაცია გამოუცხადეთ და იმასაც კი კადრულობთ, რომ 800 დოლარი სადაც ღირს კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მეპატრონეს აიძულებთ 67-დ ლარად გაყიდოს.
თქენ ბატონო მიხეილ, როგორც ჩანს საკუთარი ნებით ამბობთ უარს იყოთ ათასობით დევნილი ადამიანის პრეზიდენტიც, სხვაგვარად გაუგებარია რატომ არ ხვდება თქვენს მგზნებარე სიტყვებში ის პრობლემა, რომ აგერ უკვე 18 თვეა თქვენმა მთავრობამ ვერა და ვერ გაარკვია ვინ არის ამ ქვეყანაში დევნილი და ვინ არა, ვის ეკუთვნის დევნილის სტატუსი და ვის არა. იქნებ დღეს მაინც გასცეთ პასუხი კითხვაზე როდის მიიღებს კოდორიდან და ახალგორიდან დევნილი 1200-მდე ოჯახი დაპირებულ კომპენსაციას საცხოვრებელი ფართის შესაძენად, და ბოლოს და ბოლოს როდის დასრულდება ამ ქვეყანაში დევნილების დაყოფა ძველ და ახალ, შევარდნაძის და სააკაშვილის დევნილებად. ესეც მორიგი მაგალითია იმისა, რომ თქვენ ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების უნარი არ გაგაჩნიათ.
ის რომ პრეზიდენტს და მთავრობას ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონი მეასე ხარისხოვნედ მიგაჩნიათ, თქვენს მიერ შემოტანილი და თქვენს მიერვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან ჩანს, სადაც ჯანდაცვაზე და განათლებაზე გამოყოფილი თანხები ოჯერ ნაკლებია ვიდრე ძალოვანი სამინისტროების ხარჯები, ხოლო ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა, უმუშევრობა ბიუჯეტის შემდგენლებს როგორც ჩანს არც გახსენებიათ.
ჯანდაცვის თემას შევეხე და იქნებ შესულიყავით პოლიციის ნებისმიერ შენობაში და შემდეგ ასობით გაპარტახებულ რომელიმე საავადმყოფოში და ნათლად დაინახავთ, რომ თქვენ და თქვენი ხელისუფლება სოციალურად დაცულ სახელმწიფოს არ აშინებთ.
ინვესტორების მოზიდვაზე საუბარი და მათი საქართველოთი დაინტერესება კარგია, მაგრამ იქნებ იმ ხელშეკრულებებითაც დაინტერესებულიყავით მათ რომ უფორმებთ. იმიტომაც ვერ ყალიბდება ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ, რომ მთავრობას ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმებისას თავისი მოქალაქეების ინტერესები არ ახსენდება. საიტერესოა თუ იცოდით საერთოდ, რომ ენერგოპრო ჯორჯია კოლექტიური მრიცხველებით ქართულ სოფლების გამწარებას 2017 წლამდე აპირებს და მხოლოდ ქრისტიან დემოკრატების ორწლიანი ბრძოლის შედეგად ხერხდება ის, რომ ინვესტორი იძულებული გახადა ნაწილი სოფლების გამრიცხველიანება წელსვე დაიწყოს. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის განუკითხაობა, რომელიც მოსახლეობის გაზმომარაგებაშია შექმნილი, სად არის თქვენი დაპირება. რომ თითოეულ ოჯახს გაზის სახლში შეყვანა ყველაზე ბევრი 250 ლარი დაუჯდებოდა, გაეცით პასუხი ამ ადამიანებს, რატომ უჯდებათ გაზის შეყვანა სახლებში 600-დან 800-ს ლარამდე.
ათობით მილიონი გადაიხადა ინვესტორმა რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში, რაც კიდევ ვამბობ კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია და უფრო მეტიც დანაშაულია, როცა თქვენმა მთავრობამ სამი მილიონი ვერ გამოძებნა იმისთვის, რომ კომბინატში მომუშავე ადამიანებისთვის წლობით დაგროვილი დავალიანება გაგესტუმრებინათ, არადა ამ დამიანებს, რომ არ შეენარჩუნებინათ რუსთავში მეტალურგია გასაყიდიც არაფერი გექნებოდათ.
ყოველდღე ქუთაისის ინდუსტრიულ ზონებზე საუბრობთ, და ქუთაისელებს დასაქმებას პირდებით, მაგრამ იცით თუ არა, რომ ეს ძალიან გაჭირდება რადგან უცხოეთიდან შემოყვანილი მუშა ხელი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია ქუთაისელი კი იბეგრება, ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ ვისი დასაქმება ურჩევნია დამსაქმებელს, რა თქმა უნდა უცხოელის, ქუთაისელები კი რჩებიან მოტყუებულნი. თვეზე მეტია ქრისტიან-დემოკრატები და ჩვენთან ერთად მთელი ქართლისა და სამცხე ჯავახეთის მოსახლეობა ელოდება თქვენგან პასუხს კითხვაზე აპირებთ თუ არა ხილის, კერძოდ კი ვაშლის მოსავლზე ისეთივე დანამატის გამოყოფას, როგორც ეს ყურძნისა და ციტრუსის შემთხვევაში მოხდა. თქვენმა არასწორმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობის სფეროში შედეგად მოგვიტანა ის, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, გლეხებს აიძულებენ ვაშლი ოთხ თეთრად ჩააბარონ, ნუთუ ვერ ხედავთ, ვერც თქვენ და ვერც თქვენი ორდენოსანი მთავრობა, რომ ასეთი პოლიტიკით კომფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებს სულ მალე დააცარიელებთ და ამ ტერიტორიებს თქვენივე ხელით ახალ ჯაყოებს ჩააბარებთ.
თუმცა ბატონო მიხეილ ის რომ თქვენ ღირსეული სახელმწიფოს აშენებას ვერ ახერხებთ, არა მხოლოდ სოციალ-ეკონომიკურ სფეროში ვლინდება. იგივე ხდება ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივაც. ქრისტიან-დემოკრატების არ გჯერათ, როცა გეუბნებით, რომ კანონი პოლიციის შესახებ, კანონი მანიფესტაციების შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, შარშან ზაფხულში თქვენმა უმრავლესობამ დრაკონულ კანონებად აქცია. არც სახალხო დამცველის გჯერათ, რომ რიგი ცვლილებებისა რომელიც ამ კანონებში შეიტანეთ კონსტიტუციასაც კი ეწინააღმდეგება, მაგრამ ვენეციის კომისიის თავმჯდომარისაც აღარ გჯერათ, რომელიც საქართველოშიც თავის ფეხით ჩამოვიდა იმის სათქმელად, რომ არ არის ეს ცივილიზებული სახელმწიფოს კანონები. ამასობაში კი მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ერთადერთი რაშიც ეს ცვლილებები გამოგადგათ იყო სამკაციანი აქციის დარბევა და აქციის მონაწილთათვის ჯარიმების დაკისრება. თქვენ შესაძლოა ამას დემოკრატიას უწოდებთ, ჩვენ კი გეტყვეთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ამას ავტორიტარიზმი ქვია.
თქვენ და თქვენი ხელისუფლება ბატონო მიხეილ, ვეღარასოდეს გახდებით პროგრესის მომტანი ხელისუფლება რადგან თქვენ საკუთარი ხალხის არჩევანის გენიშინიათ. სხვაგვარად რა დავარქვა იმას, რომ ქვეყნის არცერთ თვითმმართველ ქალაქს, თბილისის გარდა მერის პირდაპირი წესით არჩევის უფლება არ მიეცით. იქნებ გვიპასუხოთ სხვა რა მოტივით უთხარით უარი ქუთაისელების, ბათუმლების, ფოთელების და რუსთაველების სრულიად კანონიერ და დემოკრატიულ მოთხოვნას, თავად აირჩიონ თავიანთი ქალაქის თავკაცი.
და ბოლოს ბატონო პრეზიდენტო, იქნებ ერთხელ მაინც ცივი გონებით, გვერდიდან შეხედოთ თქვენს ექვს წლიან მოღვაწეობას და დაინახავთ, რომ თქვენ საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფერუმარილს უსვამთ სახეზე და ამით გინდათ დაფაროთ ის ძონძები რომელიც მას თქვენი და თქვენივე მთავრობის საქმიანობის წყალობით აცვია.
თქვენ, თქვენი საპრეზიდენტო ვადები პრაქტიკულად გაფლანგეთ, ასე რომ მადლობას წასვლისას აღარავინ გეტყვით, ახლა იქნებ ის მაინც მოახერხოთ, რომ თქვენს შემდეგ ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოთ, რომ ჩვენ დღეს მხოლოდ ქვეყანა საქართველოსგან, ღირსეული სახელმწიფო ავაშენოთ.
მაგდა ანიკაშვილი დიდი ხანია ქრისტიან-დემოკრატები ვსაუბრობთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღატაკი ფენის პრობლემებზე, მაგრამ მთავრობის მხრიდან რეაგირება არ არის. უცნაურია, მაგრამ ხშირად ჩვენთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების პროგრამას, მაგრამ ვითარება არ უმჯობესდება. თითქმის მესამე წელია დგას პროგრამის კრიტერიუმების გადახედვის საკითხი. უამრავი უღატაკესი ოჯახი უსამართლოდ ვერ იღებს დახმარებას, თითქმის ყოველ დღე მაყურებელი ნახულობს რეპორტაჟებს ამ ოჯახების შესახებ, მაგრამ არაფერი იცვლება. ქრისტიან-დემოკრატების დიდი ძალისხმევის შედეგად, უმწეოებს უკვე აღარ მოუწევთ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის თვეობით ლოდინი, მაგრამ შეფასების კრიტერიუმები კვლავ უსამართლოა. მეტიც, ბოლო მონაცემების გაანალიზების შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიების შემცირება ხელოვნურად მიმდინარეობს. ქრისტიან-დემოკრატებმა დავაფიქსირეთ უამრავი შემთხვევა, როდესაც მოხდა 57 000 ქულის მქონე ანუ ზღვარზე მყოფი ოჯახების რიგგარეშე გადამოწმება, რის შემდეგაც მიუხედავად იმისა, რომ ყოფა-ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, მათ 58 000 ქულა დაუწერეს, შესაბამისად ბენეფიციართა სიიდან ამოაგდეს. 9 შვილიან ოჯახს მოძღვარმა შავ-თეთრი, ძველის-ძველი ტელევიზორი აჩუქა, რაც ამ ოჯახისთვის დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა. კიდევ ერთხელ ქრისტიან-დემოკრატები მოვითხოვთ - გადახედეთ ქულების მინიჭების კრიტერიუმებს, რათა სახელმწიფო დაეხმაროს იმას, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. თუმცა, საქართველოში მხოლოდ უმწეოები არ ცხოვრობენ. უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს თითქმის მთელი ქვეყანა უმწეოა. არავითარი მხარდაჭერა ახლადშექმნილ ოჯახებს, არავითარი თანადგომა ახალგაზრდა და მარტოხელა დედებს, არც ერთი შეღავათი მრავალშვილიანებს - ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ ერთი ჩანაწერით შემოიფარგლება - ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 7 არასრულწლოვანი ბავშვი გადაეცეთ დახმარება თვეში 35 ლარის ოდენობით. ამ ერთი ჩანაწერით უპირისპირდება მთავრობა უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებას. პოსტსაბჭოთა პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა ერთი მილიონი ადამიანით შემცირდა და 30 წელიწადში კიდევ ერთი მილიონით დაიკლებს. აუცილებელია გააზრებული და გრძელვადიანი დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა, კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ჯანდაცვის, განათლების, ბინათმოწყობის და დასაქმების საკითხებში მთელ რიგ შეღავათებს უნდა ითვალისწინებდეს. თუმცა დასაწყისისთვის მოგიწოდებთ ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა გაიზიაროთ, რომელიც მშობიარობის დაფინანსებას უკავშირდება. მშობიარობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებაა და ოჯახებს განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან უჭირთ საჭირო თანხის შეგროვება. სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის იაფი დაზღვევის პაკეტს დაემატოს მშობიარობის კომპონენტი. ეს ცვლილება ერთის მხრივ იქნება დიდი შეღავათი მომავალი მშობლებისთვის და ამავდროულად შეასრულებს იაფი დაზღვევის წარუმატებელი პროექტის პოპულარიზაციის ფუნქციას და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება სადაზღვევო სისტემაში. ქრისტიან-დემოკრატებს ასევე მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცვლილებების შეტანა ბავშვთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამებში. სახელმწიფო სამ წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის ხარჯებს იღებს ისიც ნაწილობრივ. ეს ასაკობრივი ბარიერი უსამართლო და სამედიცინო თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელია. გაუგებარია რა მოტივით მკურნალობს მთავრობა უფასოდ სამი წლის ბავშვს და უარს ეუბნება ოთხი წლისას, არავითარი სამედიცინო მოტივაცია აქ არ შეიძლება იყოს. საჭიროა ზღვარი ავწიოთ იმ ასაკამდე, როდესაც სხვადასხვა დაავადებების გართულების რისკი დაბალია. ასეთი ოპტიმალური ასაკი სამედიცინო თვალსაზრისით გახლავთ 7 წელი, როდესაც ორგანიზმი უკვე ადაპტირებულია გარემოსთან და ბავშვი ჩართულია სასწავლო პროცესში. შესაბამისად ქრისტიან-დემოკრატები გამოვდივართ ინიციატივით, რომ 7 წლამდე ბავშვების მკურნალობა საქართველოში უფასო იყოს. ყველას ვინც დღეს პროგრესსა და წარმატებაზე საუბრობს, მე მინდა შევახსენო, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ათობით ათასი სახლში ჩაკეტილი, საზოგადოებისგან იზოლირებული, ჯანდაცვასა და განათლებას მოკლებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ინვალიდები დღეს ვერ მკურნალობენ, ვერ სწავლობენ, სახლიდან ვერ გამოდიან. არც ქუჩები, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არც სახელმწიფო დაწესებულებები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომ მათ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლონ. 2009 წლის 1 ნოემბრამდე მთავრობას უნდა წარმოედგინა საკანონმდებლო ინიციატივათა მთელი პაკეტი, რომელიც ინვალიდთა მდგომარეობას გააუმჯობესებდა. გასულია ოთხი თვე და არც ერთი წინადადება შემოსული არ არის. ქრისტიან-დემოკრატების დიდი ბრძოლის შედეგად პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაუთანაბრდა ასაკის საფუძველზე დანიშნულ პენსიას, მეორე ჯგუფი დარჩა სრულიად უსამართლო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. მაშინ როდესაც ინვალიდებს სჭირდებათ გაცილებით მეტი იმისათვის, რომ იარსებონ და ეს თანხა თითქმის მთლიანად წამლების შეძენაზე იხარჯება. მედიკამენტების უკიდურესად გაზრდილი ფასები ჩვენი საზოგადოების მთავარ პრობლემად იქცა. ვერცერთი ოჯახი, განურჩევლად იმისა, ჰყავს თუ არა მას ხანდაზმული ადამიანი ან მცირეწლოვანი ბავშვი, ვერ აგროვებს მედიკამენტებისთვის საჭირო თანხას. ხელისუფლება პენსიონერს 25 ლარიან ერთჯერად ვაუჩერს, ხოლო უმწეოებს 50 ლარს სთავაზობს წელიწადში! ორი დღის წინ ქრისტიან-დემოკრატებმა ჩავატარეთ ექსპერიმენტი. მე პირადად გახლდით აფთიაქში და ამ ლიმიტის ფარგლებში შევიძინე ყველაზე ხშირად მოხმარებადი სხავადსხვა დანიშნულების მედიკამენტები. შედეგმა ცხადყო, რომ არავითარ რეალურ შეღავათთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. ორივე პროექტი არის მხოლოდ ფასადური აქცია. მე შევძელი მხოლოდ რამდენიმე დღის სამყოფი წამლების შეძენა. გამოსავალი მხოლოდ ერთია, ქრისტიან-დემოკრატები ვაყენებთ ინიციატივას - დაწესდეს ზღვრული ფასები ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე, დადგინდეს ლიმიტი, რა შეიძლება ღირდეს ესა თუ ის წამალი. რაც შეეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს ფარმაცევტულ სფეროში, რომლებიც ძალიან ხმაურიანად გაშუქდა მედიის მეშვეობით, როგორც მოსალოდნელი იყო ამან არავითარი შედეგი არ მოიტანა. გასულია ხუთი თვე რაც კანონი ძალაში შევიდა, მედიკამენტების ფასები კი მუდმივად იზრდება და არ მცირდება. და ბოლოს, არ შეიძლება არ ვისაუბროთ პროექტზე, რომელსაც უკვე გახდა ნაციონალური მოძრაობის წარუმატებელი მმართველობის სიმბოლო. ეს არის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა – პროექტი ასი ახალი საავადმყოფო. პროექტის დამტკიცებიდან სამი წლის შემდეგ რეგიონებში 77 და დედაქალაქში 23 ახალი, თანამდროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მქონე სამედიცინო დაწესებულებების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ სამედიცინო სერვისებზე უკიდურესად გაზრდილი ფასები, დათრგუნული და დაშინებული სამედიცინო საზოგადოება, რომელსაც ყოველდღიურად სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და რაც მთავარია, დანგრეული საავადმყოფოები, სადაც პაციენტების მკურნალობა მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. კომპანია ბლოკ-ჯორჯიამ, რომლის თაობაზეც ქრისტიან-დემოკრატებმა უკვე მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, სამი წელი მოანდომა ხუთი საავადმყოფოს კოსმეტიკურ რემონტს, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოს 95% შესრულებული არ არის! ამოიწურა ყველა ვადა, დაირღვა ყველა პირობა, შესაბამისად, საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის გადარჩენისთვის ერთადერთ გამოსავალად მიგვაჩნია ბლოკ-ჯორჯიასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება. სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს გადაცემული სამედიცინო ობიექტები და კომპანიას დაეკისროს ჯარიმა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე მიიღეს და ეხლა საჭიროა მთავრობამ განახორციელოს საზოგადოების დაკვეთა. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ქვეყანა ვერ განვითარდება სანამ არ შეიქმნება სოციალური დაცვის გამართული სისტემა და ყოველი მოქალაქე არ იქნება უზრუნველყოფილი ხარისხიანი და რაც მთავარია ხელმისაწვდომი ჯანდაცვით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ სფეროში ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე გაუმართლებელი ექსპერიმენტების ჩატარება.
|